English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ ნოდარ ხადური
ინკლუზიური ზრდის ფაქტორები და საქართველოს ეკონომიკის წინაშე არსებული გამოწვევები

რეზიუმე

შემოსავლების განაწილების უთანაბრობა ბოლო პერიოდში როგორც პრაქტიკოსი, ისე მეცნიერ-ეკონომისტების ყურადღების ცენტრშია. საერთაშორისო ორგანიზაციები, პრაქტიკულად ყველა ქვეყნის, მ.შ. საქართველოს მთავრობა, ცდილობს განახორციელოს პოლიტიკა, რომლის შესაბამისადაც ეკონომიკური ზრდისაგან სარგებელს უფრო მეტი ადამიანი მიიღებს, ასეთი ტიპის პოლიტიკა ცნობილია, როგორც ინკლუზიური ზრდის პოლიტიკა. ამგვარი პოლიტიკის განხორციელების მიზნით შემუშავდა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია - საქართველო 2020.  აღნიშნული დოკუმენტის შესაბამისად გამოვლენილია ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელი ყველაზე კრიტიკული პრობლემები და მათი დაძლევის მიმართულებები. კრიტიკულ პრობლემათა შორის გამოიკვეთა კერძო სექტორის დაბალი კონკურენტუნარიანობა, არასათანადოდ განვითარებული ადამიანური კაპიტალი და ფინანსურ რესურსებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა.

საკვანძო სიტყვები: ინკლუზიური ზრდა, უთანაბრობა, მაკროეკონომიკური პოლიტიკა, კრიზისი, კონკურენტუნარიანობა

თანამედროვე მსოფლიო, განვითარების საინტერესო ეტაპს გადის. მიუხედავად ფინანსური კრიზისის შემდგომი აღმავლობისა, მსოფლიო ეკონომიკაში პრობლემები მრავლადაა. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება შემოსავლების განაწილებას და ეკონომიკური ზრდის შედეგების მოსახლობის ყველა ფენისათვის ხელმიუწვდომლობას.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით მსოფლიოს კეთილდღეობა 2014 წლისათვის 1995 წელთან შედარებით, 66%-ით გაიზარდა და 2014 წლის ფასებში 690 ტრლნ. აშშ დოლარიდან 1 143 ტრლნ დოლარი შეადგინა, სამწუხაროდ უთანაბრობის დონე ისევ მაღალია, ასე მაგალითად, OECD ქვეყნებში კეთილდღეობა 52-ჯერ აღემატება დაბალშემოსავლიანი ქვეყნების მააჩვენებლებს [იხ. www.worldbank.org], ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვნად განსხვავდება შემოსავლებისა და კეთილდღეობის დონე არა მარტო ქვეყნების, არამედ ქვეყნის რეგიონებსა და რაც მთავარია, მოსახლეობას შორის.

ნობელის პრემიის ლაურეატი ჯოზეფ სტიგლიცი თავის ნაშრომში „დიდი დაყოფა“ აანალიზებს რა შემოსავლების განაწილებაში არსებულ პრობლემებს 2007 წლის „დიდი რეცესიის“ ფონზე [Stiglitz, 2015], მიდის დასკვანმდე, რომ აღნიშნული რეცესია, რომელმაც ყველაზე მეტად დააზარალა ღარიბი და საშუალო კლასის მოსახლეობა, დიდწილად ხელოვნური იყო. შემოსავლების განაწილებაში არსებული უთანაბრობა, შესაძლოა, მომავალში უფრო მძიმე შედეგებით დასრულდეს, მ.შ. ეკონომიკურ ზრდაზე ზეგავლენის თვალსაზრისით.

თუმცა ცხადია, რომ ეკონომისტთა შორის ამ საკითხზე კონსენსუსი მიღწეული არ არის, მაგალითად ჯეისონ ფურმანი (Jason Furman), ჰარვარდის კენედის სკოლის პროფესორი, პეტერსონის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, რომელიც პრეზიდენტ ბარაკ ობამას ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელობდა 2013-2017 წლებში, თვლის რომ უთანაბრობა უფრო სოციალური მოვლენაა და მას არ შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ზრდაზე [Furman, 2018].

შემოსავლების განაწილებაში არსებული პრობლემების შესახებ ბევრს წერენ მეცნიერები, როგორც სამეცნიერო, ისე პუბლიცისტურ გამოცემებში, თუმცა ბევრი მათგანი ასევე მიუთითებს იმ საფრთხეზე, რომელიც შესაძლოა პოპულიზმმა წარმოქმნას. რეალურად არსებობს საფრთხე, რომ პოლიტიკოსებმა, ნაცვლად პრობლემის საფუძვლისა, მისი ფორმის შეცვლა მოინდომონ, რამაც შესაძლოა ჩვენთვის კარგად ნაცნობი „ურავნილოვკის“ აღორძინების ილუზია შექმნას, რაც ცხადია ეკონომიკის განვითარებისთვის უდიდესი ბარიერი იქნება.

პრობლემა იმდენად რთული და ყოვლისმომცველია, რომ მასზე არა მხოლოდ მეცნიერ-ეკონომისტები, არამედ პრაქტიკოსი ეკონომისტები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მუშაობენ. ასე მაგალითად, მსოფლიო ბანკი საკუთარ მისიად ორი უმთავრეს მიზანს აღიარებს: უკიდურესი სიღატაკის აღმოფხვრა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველასათვის [იხ. მსოფლიო ბანკის ოფიციალური ვებ-გვერდი, www.worldbank.org]. ხოლო მსოფლიო ბანკის სათაო ოფისში შესასვლელში ბანკის დევიზია გამოსახული „ჩვენი ოცნებაა სამყარო სიღარიბის გარეშე[1]“. ამავე დროს, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად, ფინანსური კრიზისის შემდგომ მაკროეკონომიკური პოლიტიკის ხელახალ გააზრებაზე, მათ შორის შემოსავლების განაწილებაში არსებული პრობლემების შესახებ, უკვე სამი კონფერენციაა ჩაატარა[2] და მასალები კრებულების სახით გამოსცა [იხ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფიციალური ვებ-გვერდი www.imf.org]. აღნიშნულ საკითხზე მუშაობს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD).

გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2017 წელს, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმის ექსპერტთა მიერ მომზადდა სპეციალური მოხსენება „ინკლუზიური ზრდა და გლობალური განვითარება 2017 წელს“ [იხ. https://medium.com], აღნიშნულ მოხსენებაში ავტორები მიიჩნევენ, რომ „ინკლუზიური ზრდა არის სტრატეგია, რომლის შესაბამისადაც ეკონომიკური ზრდისაგან სარგებელს იღებს ადამიანთა დიდი რაოდენობა - შემოსავლებისა და უსაფრთხოების ზრდითა და ცხოვრების ხარისხის ამაღლებით“. ინკლუზიური ზრდისათვის მნიშვნელოვანია 6 ძირითადი ფაქტორი: განათლება, ინფრასტრუქტურის მშენებლობა და მოქალაქეთა საბაზო საჭიროებების დაკმაყოფილება, კორუფციასთან ბრძოლა და შემოსავლის დაბალანსებული განაწილება, საფინანსო სისტემის ინკლუზიურობა, ეფექტური საბინაო მშენებლობა, შრომითი მოწყობა და უმუშევრების დახმარება, გადასახადების განაწილება და სოციალური დაცვა“. აღნიშნული მონაცემების შესაბამისად მუშავდება ინკლუზიური განვითარების ინდექსი - The Inclusive Development Index (IDI) [იხ. www.weforum.org].

პრობლემის სიმწვავეზე მოწმობს საქართველოს ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2017 წელს 2003 წელთან შედარებით მშპ საბაზისო (2010 წლის) ფასებში 106,5%-ით (11,95 მლრდ ლარიდან 24,68 მლრდ ლარამდე) გაიზარდა, უმუშევრობა 2005 წლის 13,8%-დან, 2016 წელს 11,8%-მდე შემცირდა (პიკი იყო 2009 წელს - 16,9%), საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2004 წლის 156,6 ლარიდან, 2016 წელს 940 ლარამდე გაიზარდა, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 2004 წლის 73 ლარიდან 2018 წელს 155,3 ლარამდე გაიზარდა, ფარდობითი სიღარიბე (ანუ მედიანური მოხმარების 60%-ზე ნაკლები) 2004 წლის 24,6%-დან, 2016 წლის 20,6%-მდე შემცირდა (თუმცა იგივე მაჩვენებელი სოფლად, 26,2%-დან 26,5%-მდე გაიზარდა), სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 2004 წლის 32,6%-დან 2016 წელს 21,3%-მდე შემცირდა, ჯინის კოეფიციენტები კი 0,38-დან (2006 წელს) 0,39-მდე (2016 წელს) გაიზარდა, პიკი იყო 2011 წელს, როცა მან 0,42 შეადგინა [იხ. www.geostat.ge].   

პრობლემის სიმწვავის გამო, საქართველოს მთავრობამ 2014 წელს დაამტკიცა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია - საქართველო 2020, რომელიც ასევე ინკლუზიური ზრდის თემატიკას შეეხებოდა[3]. იმის გათვალისწინებით, რომ პირადად ვმონაწილეობდი (და როგორც ფინანსთა მინისტრი, ვხელმძღვანელობდი) აღნიშნული დოკუმენტის შექმნის პროცესს, შევეცდები, იმ საკითხების პრიორიტეტიზაცია გავაკეთო, რომლებიც აისახა სტატეგიაში და ასე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისათვის.

თეორიაში ცნობილია, რომ ინკლუზიური ზრდის პოლიტიკა უნდა ემყარებოდეს წარმოების განვითარებაზე ორიენტირებულ ეკონომიკურ ზრდას (რაც არსებული ეკონომიკური პრობლემის გადაჭრას, სამუშაო ადგილების შექმნასა და სიღარიბის დაძლევას განაპირობებს), ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას (მოსახლეობის საყოველთაო ჩართულობა ეკონომიკური განვითარების პროცესში (დიასპორის, მიგრანტების, ეთნიკური უმცირესობების და სხვა ჯგუფების ჩათვლით), ეკონომიკური ზრდის შედეგად საზოგადოების თითოეული წევრის  კეთილდღეობის, მათი სოციალური  თანასწორობისა  და მოსახლეობის ცხოვრების პირობების  გაუმჯობესება) და ეკონომიკური განვითარების პროცესში ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას, ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და მდგრადობის უზრუნველყოფასა და ბუნებრივი კატაკლიზმების რისკების თავიდან აცილებას (ე.წ. მდგრადი განვითარება).

ანალიზის საფუძველზე ეკონომიკის განვითარების ხელშემშლელ კრიტიკულ პრობლემათა შორის საქართველოში გამოიკვეთა კერძო სექტორის დაბალი კონკურენტუნარიანობა, არასათანადოდ განვითარებული ადამიანური კაპიტალი და ფინანსებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა. სტრატეგია მიზნად არ ისახავდა ეკონომიკის ცალკეული სექტორის ანალიზს ან მათი კონკურენტუნარიანობის შეფასებას, არც ქვეყნის კონკურენტული უპირატესობების გამოვლენას.

საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენას ეკონომიკური რეფორმების სამი ტალღა მოჰყვა. რეფორმები, რომელთაც ახალი ეკონომიკური სისტემის ინსტიტუციური საფუძველი შექმნეს, 90-იანი წლების პირველი ნახევრის კრიზისის შემდეგ განხორციელდა. ამ პოლიტიკამ რეფორმების პირველ ეტაპზე ეკონომიკური ზრდის სტიმულირება განაპირობა, რომელიც 90-იანი წლების ბოლოს შეფერხდა.

2004 წელს დაწყებული რეფორმების მეორე ტალღა მიმართული იყო ბაზრის ლიბერალიზაციისკენ, რაც, სხვა საკითხებთან ერთად, გადასახადების, ნებართვებისა და ლიცენზიების რაოდენობის  შემცირებით  გამოიხატა.

2012 წლის საპრალამენტო არჩევნების შემდგომ რეფორმების მესამე ტალღა დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება და საგადასახადო კანონმდებლობისა და საგადასახადო ადმინისტრირების სრულყოფაში, სრულ დეპოლიტიზაციასა და ჰუმანიზაციაში, ასევე ევროპული ტიპის მარეგულირებელი ინსტიტუტების აღდგენაში გამოიხატა.

2004-2012 წლების ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ინვესტიციები წარმოადგენდა, რომელთა დიდი ნაწილი მიმართული იყო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ამასთან, სამუშაო ძალის წილი ეკონომიკის განვითარებაში უარყოფითი იყო და საშუალოდ 1,6%-იანი კლების ტენდენციით ხასიათდებოდა. ფაქტორების მთლიანი მწარმოებლურობის (ეკონომიკური ზრდის ნაწილი, რომელიც შრომის ან კაპიტალის ზრდას არ უკავშირდება) საშუალო წლიური ზრდის  ტემპი კი  2,8%-ს შეადგენდა[4].

ლოგიკურად ჩნდებოდა მოლოდინი, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა, რომლის პიკი 2007 და 2017 წლებში იყო, ხელს შეუწყობდა ახალი ცოდნის მიღებასა და ტექნოლოგიების დანერგვას, რაც ექსპორტის ზრდისა და დივერსიფიცირების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობაა. თუმცა ეს მოლოდინი არ გამართლდა, რადგან, მსოფლიო ფინანსურ კრიზისამდე ინვესტიციების დიდი ნაწილი მიმართული იყო კაპიტალტევად დარგებში (უფრო ნათლად კი, უძრავი ქომნების შეძენაში), რომლებშიც მცირეა დასაქმების მოცულობა.

იმპორტის მოცულობის ზრდამ მნიშვნელოვნად გაუსწრო ექსპორტის მოცულობის ზრდას, რამაც უარყოფითი საგარეო სავაჭრო სალდოს ზრდა გამოიწვია - ეს ქვეყნისთვის სერიოზული მაკროეკონომიკური რისკია, რაც კიდევ უფრო ზრდის გაცვლით კურსზე დაწოლას.

გარდა ამისა, ეკონომიკური ზრდით მიღებულმა შედეგმა ვერ უზრუნველყო სიღარიბის დონის მნიშვნელოვანი შემცირება. ბოლო ათწლეულში, როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, სიღარიბის მაჩვენებლები თითქმის არ შეცვლილა. ამასთანავე, საქართველო რეგიონში უთანასწორობის მაჩვენებლის მიხედვით ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა.

ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მისაღწევად მთავარი ამოცანა საქართველოს ეკონომიკის შემაფერხებელი ყველაზე კრიტიკული პრობლემების იდენტიფიკაცია და დაძლევაა. სტრატეგიის შემუშავებისას გამოყენებული იყო ზრდის დიაგნოსტიკის მეთოდი (Growth Diagnostic Method), რომელიც კრიტიკული პრობლემების გამოვლენის საშუალებას იძლევა. კრიტიკულ პრობლემათა შორის, როგორც უკვე აღინიშნა გამოიკვეთა კერძო სექტორის დაბალი კონკურენტუნარიანობა, არასათანადოდ განვითარებული ადამიანური კაპიტალი და ფინანსურ რესურსებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა.

ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომლის განუყოფელი ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩამოყალიბება, მიზნად ისახავს ევროკავშირის შიდა ბაზარზე საქართველოს ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას და ახალ პერსპექტივებს ქმნის ქართული კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად, ანალოგიურად დღეისათვის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები უკვე მოქმედებს ჩინეთთან, საქართველოს ყველა მეზობელთან, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან, ჯამში თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით ქართველ მეწარმეებს შეუძლიათ ისარგებლონ 2,2 მილიარდ მომხმარებლიან ბაზრებზე.

2004 წლიდან საქართველოში ეკონომიკის ლიბერალიზაციისკენ მიმართული რეფორმები დაიწყო. ამ რეფორმების განხორციელებამ აღმოფხვრა ბიუროკრატიული ბარიერები და შეამცირა საგადასახადო ტვირთი. მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების  ანგარიშის (Doing Business 2018) მიხედვით საქართველო ბოლო წლებში ერთ-ერთ მოწინავე რეფორმატორ ქვეყნად აღიარეს. ამჟამად ქვეყანას ბიზნესის წარმოების  სიმარტივის მაჩვენებლით 185 ქვეყანას შორის მე-9 ადგილი  უკავია და ნორვეგიასა და შვედეთს შორისაა [იხ. www.doingbusiness.org].   

მიუხედავად ამისა, ყველა ვთანხმდებით, რომ ცალკეულ სფეროებში არსებობს სერიოზული პრობლემები, რაც ხელს უშლის კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას. დღეისთვის კვლავ პრობლემას წარმოადგენს ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფა[5] ასევე გადახდისუუნარობასთან, კომერციული დავის გადაწყვეტასა და ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. არსებული სირთულეები, მთლიანობაში, აუარესებს სამეწარმეო გარემოს, ამცირებს ინვესტორთა ნდობას და ნაკლებად  ეფექტიანს ხდის სხვა სფეროებში ჩამოყალიბებულ ქმედით მექანიზმებს. მიმზიდველი სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს უზრუნველსაყოფად აცილებელია საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებების განხორციელება, მათ შორის, სასამართლო სისტემის გაძლიერების ხელშეწყობა. ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების, ასევე საკუთრების უფლებების დაცვის უმნიშვნელოვანეს პირობაა.

თავისუფალი ვაჭრობის და კონკურენციის უზრუნველსაყოფად, რომელიც ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, აუცილებელია  საკანონმდებლო და ინსტიტუციური მექანიზმების გაუმჯობესება და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, საუკეთესო ევროპული პრაქტიკის დანერგვა, რომელიც უნდა ეყრდნობოდეს კარტელური გარიგებების, კონკურენციის შემზღუდავი შეთანხმებების და დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების აღმოფხვრის ეფექტიან ნორმებს და აღსრულების მექანიზმებს. ამავე დროს აუცილებელია, რომ კონკურენციის კანონმდებლობა არ ქმნიდეს ხელოვნურ ბარიერებს კომპანიების ზრდისა და განვითარებისთვის. ქვეყანაში კონკურენტული გარემოს შესაქმნელად ხელი უნდა შეეწყოს სასამართლოს შემდგომ გაძლიერებას კონკურენციასთან დაკავშირებული დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და შესაბამის საკითხებზე მოსამართლეთა ცოდნის გაღრმავების მიზნით. აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით საქართველოს კონკურენციის სააგენტოში უკვე წელიწადზე მეტია (2017 წლის გაზაფხულიდან) მიმდინარეობს ევროკავშირის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს კონკურენციის სააგენტოს შესაძლებლობების ზრდას და ჩვენთან ერთად აქტიურად თანამშრომლობს ლიტვის კონკურენციის საბჭო. იმედია, რომ ამ მიმართულებით ბიზნესი რეალურ წინსვლას იგრძნობს.

თუმცა ცხადია, რომ ბიზნესის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის და მისი კონკურენტუნარიანობის ზრდისათვის, ბიზნესის დაწყების სიმარტივესთან ერთად მნიშვნელოვანია ბიზნესის დახურვის პროცესის გამარტივებაც. ბიზნესის დახურვის გამარტივება აადვილებს კომპანიების გადანაცვლებას ნაკლებად ეფექტიანი სფეროდან უფრო ეფექტიან სფეროში, და შესაბამისად, ხელს უწყობს კომპანიების ზრდას და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.

არსებულმა და მომავალმა რეგულაციებმა  არ უნდა შეზღუდოს ბიზნესსაქმიანობა მისთვის დამატებითი პრობლემის შექმნით. ამისთვის საჭიროა რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) სისტემა, რომლის მიზანს როგორც ახალი საკანონმდებლო ინიციატივების, ასევე არსებული საკანონმდებლო აქტების ბიზნესგარემოზე გავლენის შეფასება წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულმა უნდა გააუმჯობესოს ქვეყნის სამეწარმეო და საინვესტიციო გარემო, რაც წაახალისებს ბიზნესის წამოწყებას, არსებული ბიზნესის გაფართოებასა და დივერსიფიკაციას, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, უცხოური ინვესტიციების ნაკადების გაზრდას, მწარმოებლურობის დონის ამაღლებას, ასევე შესაბამის საერთაშორისო რეიტინგებსა და შეფასებებში  ქვეყნის პოზიციების გაუმჯობესებას.

ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს ადამიანური რესურსების განვითარება და არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენება წარმოადგენს.

სწრაფი ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების და სიღარიბის შემცირების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

„საქართველო 2020“ ადამიანური რესურსების განვითარებისთვის სამ ძირითად მიმართულებას ითვალისწინებს, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან რეფორმების აქტიურ განხორციელებას მოითხოვს. ეს მიმართულებებია: შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული სამუშაო ძალის განვითარება, სოციალური უზრუნველყოფის სისტემის სრულყოფა და ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვისა და განათლების სისტემების უზრუნველყოფა.

განათლება განვითარების ფუნდამენტური ფაქტორია და ადამიანურ  კაპიტალში ინვესტირების გარეშე შეუძლებელია მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიღწევა. მხოლოდ ძლიერი და სოციალურად სამართლიანი საგანმანათლებლო სისტემის პირობებშია შესაძლებელი ქვეყანაში არსებული სოციალური, კულტურული და ეკონომიკური  გამოწვევების გადაჭრა.

სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი სამუშაო ძალის განვითარება, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორებია. სიღარიბის დასაძლევად სოციალურ დახმარებაზე ბევრად ეფექტიანია ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა და სამუშაო ძალის სრულფასოვანი ჩართვა ეკონომიკურ პროცესებში. 

უმუშევრობის მაჩვენებლები განათლების დონის მიხედვით მიუთითებს, რომ რაც უფრო მაღალია განათლების მიღწეული დონე (სამწუხაროდ ალბათ არა განათლების, არამედ განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ქონის), მით უფრო მეტი სიმწვავით იჩენს თავს უმუშევრობის პრობლემა, რაც, თავის მხრივ, ცხადყოფს, რომ განათლების სისტემა ვერ პასუხობს ეკონომიკის თანამედროვე გამოწვევებს.

საქართველოში კერძო ბიზნესის განვითარების ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორს ფინანსებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. მსგავსი შედეგები აჩვენა სხვადასხვა ორგანიზაციის (მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია) კვლევებმაც.

ფინანსებზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარების, მწარმოებლურობის ზრდის, ექსპორტის არეალის გაფართოების და, შესაბამისად, ეკონომიკაში ინვეტიციების ზრდის საჭირო ტემპის მისაღწევად. თუმცა ამ მიმართულებით დღეისათვის  ორი ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი არსებობს: 1) ეროვნული დანაზოგების დაბალი დონე, რაც ვერ უზრუნველყოფს სათანადო შიდა რესურსს ინვესტიციებისთვის; 2) ფინანსური შუამავლობა არაეფექტიანია და მიუხედავად ქვეყანაში ხშირ შემთხვევაში არსებული ჭარბი ლიკვიდურობისა, ვერ უზრუნველყოფს ეკონომიკის სტიმულირებისთვის საჭირო რესურსებს. შესაბამისად, ფინანსურ ინსტიტუტებსა და ბაზრებს სჭირდებათ განვითარება, სამართლებრივი, მარეგულირებელი და ინსტიტუციური  ასპექტების  გათვალისწინებით.

სწრაფი და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტემპების მისაღწევად, ყოველწლიურად ეკონომიკაში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა უნდა შეადგენდეს მშპ-ს, მინიმუმ, 30%-ს. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ შიდა დანაზოგების მობილიზაციით, უცხოური ინვესტიციების მოზიდვით და შიდა ფინანსური ბაზრების განვითარებით.

პრობლემას წარმოადგენს არა მარტო შიდა დანაზოგების სიმწირე საინვესტიციო რესურსების უზრუნველსაყოფად, არამედ ლარში რესურსების ნაკლები ხელმისაწვდომობა და გრძელვადიანი სასესხო რესურსების ნაკლებობა. მეწარმეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია ადგილობრივ ვალუტაში ფინანსების ხელმისაწვდომობა და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ბიზნესის გაფართოებისთვის და სამუშაო ადგილების შექმნისთვის ფინანსებზე წვდომის გაზრდა. გრძელვადიანი დაფინანსება აუცილებელია საინვესტიციო პროექტებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავს ფირმის მწარმოებლურობისა და ექსპორტის კონკურენტუნარიანობის გაზრდას და ტექნოლოგიური მოდერნიზების ხელშეწყობას.

საქართველოს ფინანსურმა ბაზრებმა ხელმისაწვდომი უნდა გახადონ როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი დაფინანსება და ამით უპასუხონ სხვადასხვა ტიპისა და განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მყოფი საწარმოების საჭიროებას. შესაბამისად, ქვეყნის განვითარების სტრატეგია გულისხმობს შესაბამისი ფინანსური ბაზრების და ინსტრუმენტების განვითარებას კანონმდებლობის, რეგულაციებისა და ინსტიტუციების გაძლიერებით. ამავე დროს სახელმწიფოს ეკისრება ბაზრის განვითარების ხელშეწყობის, ინვესტორებისა და დეპოზიტარებისთვის საჭირო წახალისებისა და მათი დაცვის მექანიზმების უზრუნველყოფა, ფისკალური ხარჯების შემცირება და კერძო კაპიტალის გამოდევნის თავიდან  აცილება.

ინვესტიციებსა და დანაზოგებს შორის სხვაობის დასაფინანსებლად აუცილებელია, სახელმწიფომ განახორციელოს ღონისძიებები როგორც დანაზოგების ზრდის ხელშეწყობის, ისე უცხოური კაპიტალის შემოდინების წახალისების მიზნით. ამასთან, დანაზოგების ზრდისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობებია ერთი მხრივ, მაკროეკონომიკური სტაბილურობა, მათ შორის, დანაზოგების მსყიდველობითი უნარის სტაბილურობის უზრუნველყოფა და, მეორე მხრივ, გამჭვირვალე და ეფექტიანი მექანიზმები  ინვესტიციებისა და  დანაზოგების დასაცავად. 

კერძო დანაზოგების სტიმულირების მიზნით უკვე დაინერგა დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, რამაც უნდა შეამციროს საბანკო სისტემაში ფულის განთავსების რისკი. სისტემა უნდა ეყრდნობოდეს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას. მართალია დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ჯერ მხოლოდ სიმბოლურ დეპოზიტებს აზღვევს, მაგრამ შესაძლოა ეს კარგი სიგნალი გახდეს საბანკო სისტემის ნდობის ამაღლებისათვის.

საპენსიო რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემის ჩამოყალიბებას, ხელს შეუწყობს ქვეყანაში დანაზოგების მოცულობის ზრდას. აღნიშნული რეფორმა სოციალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის  პარალელურად  შექმნის დამატებით წყაროს  ინვესტირებისათვის.

იმისათვის, რომ დაგროვებითმა საპენსიო სისტემამ გამოიწვიოს საინვესტიციო რესურსების ზრდა, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში განვითარდეს კაპიტალის ბაზრები და ასევე, ხელი შეეწყოს კერძო  დაზღვევის  ოპერაციების  სრულყოფას.

სერიოზულ  პრობლემას წარმოადგენს განუვითარებელი კაპიტალის ბაზრები. ნაკლებად განვითარებული საფონდო ბაზარი შეიძლება დავახასიათოთ კომპანიების ბრუნვადი ფასიანი ქაღალდების სიმცირით და ადგილობრივი, განსაკუთრებით, კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის განუვითარებლობით. ფაქტობრივად არ არსებობს არც გირაოთი და სხვა გარანტიით გამყარებული ობლიგაციები. საფონდო ბაზრის განვითარებას უფრო დიდი დრო დასჭირდება. თუმცა ეს რეფორმები უნდა დაიწყოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტების განვითარებით, მათ შორის, ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი ნორმების შესაბამისობაში მოყვანით ფასიანი ქაღალდების კომისიის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) პრინციპებთან.

ზემოაღნიშნული ღონისძიებების გატარება განაპირობებს ბაზრის გამჭვირვალობის და ინვესტორთა ნდობის გაზრდას; კორპორატიული მართვის გაძლიერებას  და ინვესტორების,  მათ შორის, უმნიშვნელო წილის მქონე ინვესტორების ინტერესების უკეთ დაცვას; ბაზარზე პოზიციების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობის, მათ შორის, სპეკულაციური და ინსაიდერული გარიგებების შემცირებას და საერთაშორისო სტანდარტებთან  და  პრაქტიკასთან   შესაბამისობის   გაზრდას.

ცხადია, უთანაბრობის შემცირება ბევრ კომპლექსურ ღონისძიებასთანაა დაკავშირებული, თუმცა ერთი უნდა ითქვას, მსოფლიოში უამრავი მაგალითია იმის, თუ როგორ შეძლეს ქვეყნებმა თავი დაეღწიათ სიღარიბისათვის და მაქსიმალურად გამოეყენებინათ ის უპირატესობანი, რომლებიც მათ აქვთ. უპირატესობა კი ყველას აქვს. 

გამოყენებული ლიტერატურა:

საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია - საქართველო 2020. www.mof.ge.

Blanchard Olivier (ed), Rajan Raghuram, Rogoff Kenneth, and Lawrence H Summers, Progress and Confusion. The State of Macroecomnomic Policy. The IMF, The MIT Press, Cambridge, Massachusetts, London, England 2016;

Blanchard Olivier (ed.), Romer David, Spence Michael, and Stiglitz Jozeph. In the Wake of the Crisis. Leading Economists Reassess Economic Policy. The IMF, The MIT Press, Cambridge, Massachusetts, London, England 2013;

Furman, Jason,. The Right Question About Inequality and Growth, 2018;

Furman, Jason., Should Policymakers Care Whether Inequality is Helpful or Harmful For Growth?. IMF, Harvard Kennedy School & Peterson Institute for International Economics, 2018;

Greenspan, Alan,. The Map and The Therritory. Risk, Human Nature, and the Future of Forecasting, The Penguin Press, New York, 2014;

Kaletsky, Anatole., A “Macroeconomic” Revolution?. July 2017. https://www.project-syndicate.org.

Kaushik Basu., Inequality in the Twenty-First Century. December 2017. https://www.project-syndicate.org.

Lagarde, Christine, Building a More Resilient and Inclusive Global Economy (A speech), April 12, 2017. www.imf.org;

Laidi, Zaki., Populism’s Second Wind. Feb. 2018. https://www.project-syndicate.org.

Rogoff, Kenneth., Economists vs. Scientist on Long-Term Growth, march 2018. https://www.project-syndicate.org.

Stiglitz, Jozeph E,. The Great Divide: Unequal Societies and What We can Do About Them, WW. Norton & Company, 2015;

 ვებ-რესურსები:

www.geostat.ge;

www.mof.ge;

www.worlsbank.org;

www.imf.org;

www.doingbusiness.org;

www.weforum.org;

www.medium.com;

www.project-syndicate.org;



[1] Our dream is world without poverty;

[2] აღნიშნული სამი კონფერენციიდან ორის მუშაობაში, 2013 და 2015 წლების აპრილში პირადად ვმონაწილეობდი, როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

[3] აღნიშნული პროგრამული დოკუმენტის პროექტი ძირითადად საქართველოს ფინანსთა სამინისტროში მომზადდა, თუმცა მისი შექმნისა და განხილვის პროცესში სამთავრობო დაწესებულებების გარდა, აქტიურად მონაწილეობდნენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ექსპერტები, ქართველი მეცნიერ-ეკონომისტები, ფინანსთა მინისტრის სათათბირო ორგანოს - მრჩევენთა საბჭოს წევრები;

[4] სტატიაში გამოყენებული მონაცემები, თუ მითითებული არ იქნება განსხვავებული წყარო, აღებულია საქართველოს სოციალური და ეკონო იკური განვიტარების სტრატეგიიდან - საქართველო 2010;

[5] მიუხედავად იმისა, რომ პირადად ვხელმძღვანელობ კონკურენციის სააგენტოს, რომელიც არარეგულირებად სფეროებში (საბანკო სექტორის, ენერგეტიკისა და კომუნიკაციების სფეროების გარდა), პასუხისმგებელია თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფაზე, უნდა ვაღიაროთ, რომ ახალგაზრდა სააგენტოს ინსტიტუციური გაძლიერების გარეშე, ამ ამოცანის შესრულება გაჭირდება.